საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ      


საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ   „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 10.1 მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 261.1 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად  
საქართველოს პარლამენტი ადგენს:   

1. შეიქმნას საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო.

2. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანდართული დებულება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე                             მიხეილ მაჭავარიანი
თბილისი,2008 წლის 29 თებერვალი.N 5778 - Iს
N 5778 - I
   დამტკიცებულია
   საქართველოს პარლამენტის 
  2008 წლის 29 თებერვლის               
  N5778-Iს დადგენილებით


საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულება

თავი I  ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.
1.საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო (შემდგომ - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო) არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს აქვს ანგარიში ხაზინაში, საკუთარი ბეჭედი და ბლანკი.
4. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის სასახლე.


თავი II ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები


მუხლი 2.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;
ბ) სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ბ1) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; (25.05.2012 N 6334)
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ე) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშების ჰერალდიკური ექსპერტიზა და მათი შექმნისა და გამოყენების შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე1) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; (25.05.2012 N 6334)
ვ) ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) ჰერალდიკის საკითხებზე ლიტერატურის გამოცემა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში სახელმწიფო სიმბოლიკის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოებისა და მათი მნიშვნელობების პოპულარიზაცია; (25.05.2012 N 6334)
ი) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის სრულყოფა და მხარდაჭერა;
კ) სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა; (25.05.2012 N 6334)
ლ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით დაკისრებულ  სხვა ამოცანათა შესრულება.

 მუხლი 3.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს წინადადებები ჰერალდიკის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ან არსებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნები ჰერალდიკის საკითხებზე;
გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და თანამდებობის პირებისგან გამოითხოვოს  და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად მოიწვიოს მეცნიერები და სხვა სპეციალისტები;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოაწყოს გამოფენები, სემინარები და კონფერენციები; (25.05.2012 N 6334)
ვ) უზრუნველყოს საქართველოს ისტორიული ჰერალდიკური ნიმუშების შეგროვება და გამოფენა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში   შეიმუშაოს   ჰერალდიკური ნიმუშების მხატვრული სახე. 


თავი III ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და მისი სტრუქტურულიერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი


მუხლი 4.
1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელობს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე: 
ა) წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობას, კოორდინაციას უწევს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, აკონტროლებს მათ მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; 
ბ) წარმოადგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით;
 გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საშტატო განრიგსა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს; 
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს და ამტკიცებს მათ თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
 ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს შეუფარდებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს  მოსამსახურეებს; 
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; 
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ფინანსურ სახსრებსა და მატერიალურ საშუალებებს, წარმართავს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საფინანსო საქმიანობას და პასუხს აგებს მის შედეგებზე; 
თ) პასუხს აგებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის;
 ი) ატარებს სათანადო ღონისძიებებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის;
კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს; 
ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, მინდობილობებს საერთო სასამართლოებში;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 


მუხლი 5
1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.
 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
 ა) ასრულებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში; 
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 6
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამდებობის პირები არიან:
 ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი. 
მუხლი 7
1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი:ა) ხელმძღვანელობს შესაბამის სამსახურს, კოორდინაციას უწევს მის საქმიანობას; ბ) ადგენს წლიურ და პერსპექტიულ სამუშაო გეგმებს;გ) ახორციელებს ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 
3. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამსახურის უფროსი გაწეული საქმიანობისათვის, მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მუშაობისათვის პასუხისმგებელია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის წინაშე. 
მუხლი 8
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს პერსონალი შედგება მოსამსახურეებისაგან, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით,  მათ შორის, ამ დებულებით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს. 


თავი IV ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები


მუხლი 9
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულებია: 
ა) დიზაინისა და ანალიტიკის სამსახური; (25.05.2012 N 6334)
ბ) ამოღებულია (25.05.2012 N 6334)
გ) ადმინისტრაციული სამსახური. (25.05.2012 N 6334)
მუხლი 10
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობა და სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები განისაზღვრება ამ დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. 


თავი V ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები


მუხლი 11
(25.05.2012 N 6334)
დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: 
ა) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების საერთო მხატვრული სახის შემუშავება;
ბ) სახელმწიფო ჰერალდიკური ნიშნების მხატვრული კონცეფციების შემუშავება და დაგეგმვა;
გ) სარედაქციო-საგამომცემლო საქმიანობა;
დ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების თეორიული ნაწილის საერთო სახის ჩამოყალიბება და დაგეგმვა; 
ე) ჰერალდიკის საკითხებზე ისტორიული მასალის მოძიება (საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ) და ანალიზი;
 ვ) ჰერალდიკის საკითხებზე სამოქალაქო განათლების გავრცელების ხელშეწყობა; 
ზ) სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის საინფორმაციო და საკანონმდებლო უზრუნველყოფის მიზნით წინადადების შემუშავება;
თ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება;
ი) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშათა ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
კ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება.


მუხლი 12 ამოღებულია (25.05.2012 N 6334)


მუხლი 13 (25.05.2012 N 6334)
ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებათა პროექტების მომზადება, ბრძანებათა რეგისტრაცია და სათანადო ფორმირება; 
ბ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების, შეღავათებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე; 
გ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების შექმნა და ორგანიზება; 
დ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ე) კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, დანიშნულების ადგილზე გაგზავნა ან მიტანა;
ვ) კანონით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან ურთიერთობის რეგულირება;
ზ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპიუტერული ტექნიკით მომსახურება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მართვა;
თ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბიუჯეტის პროექტის მომზადება; საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვა; ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვა და ანალიზი; 
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
კ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების განსაზღვრა; 
ლ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირება, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოება; 
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კვარტალური და წლიური ბალანსების, სხვა ანგარიშების შედგენა და შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენა;
 ნ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა;
ო) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომწოდებელ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
ჟ) ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთვის საჭირო მატერიალურ ფასეულობათა შეძენის, შემოტანის, აღრიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა.


თავი VI დასკვნითი დებულებანი


მუხლი 14 
1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

მუხლი 15
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.