ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერბი
           გერბის ფარს ოთხ ნაწილად ყოფს ვერცხლისქობიანი მეწამული ჯვარი. გერბის ფარის I ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველს, რომელზეც მოთავსებულია ვერცხლის ტარზე ასხმული ვერცხლის ბაირაღი ტართან ოქროს სამი ზარით.  II ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის მთა ორი მწვერვალით. III ნაწილი - ლაჟვარდის ველზე ვერცხლის აბჯარი. IV ნაწილი მეწამულ ველზე მეფე თამარის ვერცხლის ხელრთვა.  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი _ სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი _ 'ყაზბეგი~. 
  

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დროშა
        დროშა არის ვერცხლ-მეწამული ფერის. გაყოფილია ვერტიკალურად ორ ნაწილად ისე, რომ ვერცხლის ველი იჭრება მეწამულ ველზე მოგრძო სამკუთხედების სახით და აღწევს დროშის მარცხენა კიდეს. ვერცხლის სამკუთხედები დროშის ზედა და ქვედა კიდეს დაშორებულია დროშის სიმაღლის 1/6-ზე. ვერცხლის ველზე (დროშის მარჯვენა მხარე) მოთავსებულია სწორკუთხა მეწამული ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3.  

 

 

 

 

 

ფაილი

დამტკიცებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  №23 დადგენილებით, 31.08.2010.  

 

ყაზბეგის გერბის შესახებ

გერბში მთავარი "ფერების" _ მეწამულის, ვერცხლისა და ლურჯის  გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები. ისტორიული საფუძველი უდევს გერბის ფარში მოთავსებულ დროშას, რომელიც სიმბოლურად ხევისბერთა ძალაუფლებას გადმოსცემს. თამარის ხელრთვა ყაზბეგის ისტორიული ტერიტორიაზე სამეფო დომენის გადმომცემია, ხოლო ვერცხლის აბჯარი ყაზბეგის მკვიდრთა სპეტაკ და უდრეკ ბუნებას გადმოსცემს. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებული სამკოშკიანი ქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი, ნახევრად ღია კარიბჭით  და ფარს ქვემოთ მოთავსებული დევიზი "ყაზბეგი", მუნიციპალიტეტის სტატუსისა და კუთვნილების აღმნიშვნელ დამატებით საიდენტიფიკაციო საშუალებას არმოადგენს.

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი