საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ორგანიზებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კრებულის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ელდარ შენგელაია, თავმჯდომარის მოადგილე სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სახელმწიფო სიმბოლოების კრებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა გონგაძემ და კრებულის შემდგენელმა, - ჰერალდიკის საბჭოს ანალიტიკისა და დიზაინის სახლსახურის ხელმძღვანელმა,-   დავით ჩხეიძემ  წარადგინეს.

კრებულში შევიდა სახელმწიფო სიმბოლოები, რომლებიც ამ 100 წლის განმავლობაში ჰქონია და აქვს საქართველოს რესპუბლიკას. გამოცემა მოიცავს 1918-1921 წლებს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან გასაბჭოებამდე, საბჭოთა პერიოდს, 1990-იან წლებს, 2004-წლიდან ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების დაფუძნების და მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების დადგენის პერიოდს. 
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას დამოუკიდებლობის აღდგენის დღე მიულოცა.„სიმბოლურია, რომ დღეს საკრებულოში წარმოდგენილია კრებული, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის სიმბოლიკა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობასთან და პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი უმთავრესი ფასეულობებია. დიდი პატივია, რომ ასეთი კრებულის პრეზენტაცია საკრებულოში შედგა,"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვის.

 

ფოტო მასალა




 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი