“The Story of Georgian Heraldy” /ქართული ჰერალდიკის ამბავი/ ასე ჰქვია ინგლისურენოვან წიგნს, რომელიც საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გამოსცა. წიგნის ავტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე ასათიანი. გამოცემაზე მუშაობდნენ: პროექტის ხელმძღვანელი - მამუკა გონგაძე; დიზაინერი და მხატვრული რედაქტორი - თამარ კორაშვილი; პროექტის მენეჯერი - ვიქტორია სარჯველაძე.
წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის მესამე კონფერენციის „ჰერალდიკა და ისტორიული წყაროები“ ფარგლებში.
ქართული საზოგადოება, მათ შორის პროფესიონალები, იცნობენ და აფასებენ ბატონ თორნიკე ასათიანის ნაშრომებს. ამჯერად, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო აქვეყნებს მათ მოკლე კრებულს ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის. ავტორმა თავი მოუყარა და გააანალიზა ქართული სახელმწიფოს როგორც თანამედროვე, ასევე ისტორიულად მნიშვნელოვანი ჰერალდიკური მასალა. წიგნი შეიცავს უამრავ საილუსტრაციო მასალას და საინტერესო ისტორიებს. ნაშრომი მნიშვნელოვანია როგორც ქართული ჰერალდიკის საერთაშორისო საზოგადოებისთვის - წარდგენის, ასევე, ზოგადად, ჰერალდიკით დაინტერესებული მკითხველისთვის, საქართველოს წარსულისა და აწმყოს ამ სფეროთი გაცნობის საქმეში.