საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისტორიის დოქტორის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მამუკა წურწუმიას წიგნის ომის იდეოლოგია საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში: ქრისტიანული საღვთო ომი და ისლამური ჯიჰადი" პრეზენტაცია გაიმართა.

 

        ნაშრომი შუა საუკუნეების ომის იდეოლოგიის მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. მასში განხილული და შესწავლილია ომის იდეოლოგია ისლამურ სამყაროში (ჯიჰადი, ზოგადი კონცეფცია, განვითარება და ევოლუცია) და საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ჯიჰადის ფაქტები; წმინდა ომის იდეის წარმოშობა და განვითარება დასავლეთის საქრისტიანოში (სამართლიანი ომი, წმინდა ომი, ჯვაროსნული მოძრაობა) და მისი გავლენა საქართველოზე; ბიზანტიის დამოკიდებულება წმინდა ომის იდეისადმი, ის თავისებურები, რასაც აღმოსავლური მართლმადიდებლობა და იმპერიის მოწყობა განაპირობებდა; დაბოლოს, შესწავლილია იდეოლოგიური დაპირისპირება ისლამთან, ქართული ანტიმუსლიმური ლიტერატურა, ეკლესიის როლი სამხედრო საქმეში და ქართული ქრისტიანობის მებრძოლი ხასიათი. მიღებული დასკვნების საფუძველზე დადგენილია, თუ როგორ ომებს აწარმოებდა ქრისტიანული საქართველო და რა იყო ომი „ქრისტეს რჯულისათვის".

 

      შეგახსენებთ, რომ მამუკა წურწუმია გახლავთ საერთაშორისო სამეცნიერო ჯილდოს Gillingham Prize მფლობელი 2014 წლის საუკეთესო სტატიისათვის შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაში. ქართულ და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო და საენციკლოპედიო ნაშრომი და 3 წიგნი. ის ავტორია მონოგრაფიისა „შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700): ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება". იხ.ფოტოები

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი