საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლები: თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე და ანალიტიკის სამსახურის უფროსი დავით ჩხეიძე პორტუგალიის მხარის მიწვევით იმყოფებოდნენ ქალაქ ლისაბონში. ჰერალდიკის საბჭოსა და პორტუგალიის შესაბამის ოფიციალურ უწყებას - ჰერალდიკურ კომიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი - გამოცდილების ურთიერთგაცვლის, სახელმწიფოს ჰერალდიკური სიმბოლიკის სტანდარტიზაციის, გათანამედროვების, ჰერალდიკური საქმიანობის პრინციპების ურთიერთგაზიარების შესახებ.

  საბჭოს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს აგრეთვე ბელემის და ქალაქ პორტოს მუნიციპალიტეტებში, ჰერალდიკური სიმბოლოების პრაქტიკული გამოყენებისა და წარმოდგენისა წესების გასაცნობად. ბელემის ადგილობრივი თვითმმართველობის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ახალი ჰერალდიკური სიმბოლოების გერბისა და დროშის შემუშავების, შერჩევისა და საზოგადოებისათვის გაცნობის შემთხვევები. ბელემის ახალი გერბისა და დროშის ავტორმა სტუმრებს გააცნო თუ როგორ მოხდა სიმბოლიკის მხატვრული შეთანხმება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის შეთავაზება, რა დროს მოხდა ჰერალდიკის კომიტეტის ჩართვა. ქალაქ პორტოს მერიის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამსახურის უფროსმა ისაუბრა დროშების გამოფენისა და წარმოდგენის პორტუგალიაში მოქმედი კანონმდებლობის თაობაზე.  
   შუასაუკუნეების ქართული ჰერალდიკის შესახებ ახალი ცნობების მოსაძიებლად უმნიშვნელოვანესი იყო სტუმრობა პორტუგალიის გეოგრაფიის საზოგადოებაში, სადაც დაცულია 6000-ზე მეტი საზღვაო რუკა - პორტოლანი. გეოგრაფიული საზოგადოების დირექტორმა საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო საზოგადოების მუშაობის სპეციფიკა, ასევე შეხვედრა შედგა ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკას ქართულმა მხარემ გადასცა ქართული ჰერალდიკური ლიტერატურა. ბიბლიოთეკასთან მიღწერული იქნა შეთანხმება, რომ საცავებში მოძიებული იქნება საქართველოს შესახებ არსებული მასალა და გადაეგზავნება საბჭოს. გეოგრაფიის საზოგადოების „გენიალოგიის, ჰერალდიკისა და ფალერისტიკის" სექციამ საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი,  მამუკა გონგაძე დააჯილდოვა საიუბილეო მედლით. სექციამ მოისმინა პრეზენტაცია საქართველოს თანამედროვე ჰერალდიკის შექმნისა და მისი ისტორიული წინაპირობების შესახებ.სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა პორტუგალიის ჰერალდიკის ინსტიტუტში. ავტორები დაინტერესდნენ ჰერალდიკის საბჭოს პერიოდული გამოცემაში - „ჰეროლდში" პუბლიკაციების გამოქვეყნების შესაძლებლობით. სხვა შეხვედრები შეეხო, პორტუგალიის სამხედრო უნიფორმებს, საოჯახო და წიგნების ჰერალდიკას.

 

ფოტოები

 

 

 

 

 

იხილეთ აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ლინკი